ჩვენს შესახებ

თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი

 თანამედროვე ხელოვნების სივრცის შექმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა. იდეა ეკუთვნით ბათუმში მოღვაწე თანამედროვე თაობის ხელოვანებს – ფოტოგრაფებს, მხატვრებსა და რეჟისორებს. იდეების გაცვლისა და კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, სივრცეში პირველი საჩვენებელი გამოფენა მოეწყო. მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები, მხატვრები, მოქანდაკეები და განათების დიზაინერები. გაიმართა თეატრალური წარმოდგენაც. საზოგადოების მაღალმა ინტერესმა და აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცის არსებობის აუცილებლობა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ კონკრეტული მოლაპარაკებები სამინისტროსთან. შედგა რამდენიმე შეხვედრა და გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები. პერიოდულ შეხვედრებზე ასევე იხვეწებოდა სივრცის კონცეფცია, თანამშრომელთა რაოდენობა და უახლოესი პერიოდის საგამოფენო საქმიანობა. საბოლოოდ, 2014 წელს დაარსდა აა(ი)პ „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბაზაზე. გამოიყო საბიუჯეტო თანხები და 2014 წლის 8 სექტემბრიდან სივრცემ ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. წლის განმავლობაში სივრცე საშუალოდ 15 გამოფენას, 20-მდე მასტერკლასსა და 1 საერთაშორისო ფოტოფესტივალს მასპინძლობს. მოქმედებს ყოველკვირეული კინოკლუბი და ხელოვნების საათი ბავშვებისთვის. 2015 წლიდან დღემდე გალერეასთან ფუნქციონირებს კაფე „კონტე“. ის არის პოპულარული თავშეყრის ადგილი ხელოვნებით დაინტერესებული პირებისთვის.