ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა, გოგა ანთიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური პროექტები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას თანამედროვე თაობისთვის.
ღონისძიებაზე მხატვრის შვილმა, ნარიმა ჰელიმიშმა, ორგანიზატორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის, მოწვეულ სტუმარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს, სოფიო ბაკურიძეს, ასევე, ხელოვნებათმცოდნეებს, რეგიონის ხელისუფლებას, მხატვრის შემოქმედების დაფასებისა და მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის.
გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს და დამთვალიერებლებს ჰელიმიშის შემოქმედებით სამყაროში მოგზურობის შესაძლებლობას აძლევს. ექსპოზიცია მეხსიერების, ნოსტალგიისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს, სადაც ზღვა მხატვრის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება.