13 მარტი 2021

გრადაცია

„გრადაცია“ პირველად 2019 წლის 28 ნოემბერს მოეწყო თბილისში, ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს. წელიწადნახევრის შემდეგ კი, ის ბათუმშია წარმოდგენილი.

განვლილი პერიოდი უკლებლივ ყველასთვის რთული აღმოჩნდა: პანდემიამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და ის ვინც გადარჩა, ერთმანეთს დააშორიშორა და სახლებში გამოკეტა. ამ პირობებში, ტრანს თემის ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა: თემის წევრების დიდი ნაწილი იმ მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩა, რის შედეგადაც, მათ სახლიც კი არ ჰქონდათ, რომელშიც გამოიკეტებოდნენ.

ნაცრისფერ რეალობასთან შეპირისპირებული თეატრალიზირებული სამყარო, გარდასახვის პროცესი და პერფორმანსი, ერთდროულად,  უტა ბექაიას მხატვრული კვლევის საგანიც არის და ტრანს თემის ცხოვრების სტილიც. გამოფენა დამთვალიერებელს იმ პროცესიას სთავაზობს, რასაც ტრანს თემი ყოველდღიურად გადის: დღის შუქის მკაცრი მზერიდან რიტუალური გარდასახვით გროტესკულ ემანსიპაციამდე.

არტისტი: უტა ბექაია

აუდიო: ირაკლი შონია; ვიდეო: გიორგი კაპანაძე; ფოტო: დათო ქორიძე

„გრადაციის“ ინიციატორია ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

პროექტის მხარდამჭერია Propaganda.network, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.

 

 

*ქალაქის მზერა - კოლექტიური სათვალთვალო კამერაა - სადამსჯელო თვალი, რომელიც ერთფეროვნების გაპრიალებულ ფასადებს ითხოვს, რათა მისი მზერა არ შეაწუხოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მრავალფეროვნების, პარადოქსულობის და კონტროვერსიულობის კადრებმა.

მისი მკაცრი მზერა ჩვენგან მოითხოვს კარგად მოქცევას და არა ჩვენი ინდივიდუალობის, ემოციების და ფიქრების გამჟღავნებას. კარგად მოქცევა ნიშნავს არ ყოფნას, ჩვენი ყოფა მის მზერაში ცარიელ, დაუნახავ ადგილებად აირეკლება.

*საკუთარი ოთახი - ნელ-ნელა თვალი ინვერსიულად ბრუნდება და საკუთარი თავის შემჩნევას იწყებს, რომელსაც აქამდე სათვალთვალო კამერის ფოკუსში ამაოდ ეძებდა. ეს შუალედური სივრცეა კოლექტიურ მზერასა და ჩაბრუნებულ მზერას შორის.

საკუთარი ოთახი სიმბოლური აქტია, რომელშიც კავშირი უნდა შედგეს საკუთარ თავთან, რომელშიც ყველა ნივთი, ტანსაცმელი, ატრიბუტი და რიტუალი ერთიანდება და ჩნდება პირობები, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ შევხედოთ ჩვენს შინაგან არსს, გარე დამკვირვებელი კოლექტიური თვალის გარეშე.

*ჩაბრუნებული მზერა - თვალი იწყებს სიბნელესთან შეჩვევას, კონტურები - გამოკვეთას, შენი თავი სრული სისავსით წარმოჩნდება შენივე მზერის წინაშე, რომელიც გათავისუფლდა კოლექტიური (თვალ)თვალისგან. ეს მზერა ახლა მხოლოდ შენია და შენც, საკუთარი თავის წინაშე მდგომი, შეჰყურებ მას ქვემოდან ზემოთ - შენზე ბევრად მაღალს, დიდს და ძლიერს.

აღარ აქვს მნიშვნელობა შენს არცერთ იდენტობას, რომელიც აქამდე გარე მზერისთვის შექმნილა, თუმცა შენ შეგიძლია გაიხსენო, რას ძერწავდა შენგან ეს მზერა წინა ოთახებში, ქალაქის ქუჩებში, კოლექტიური თვალისთვის.

“გრადაცია” არის თვალის მოძრაობა გარედან შიგნით, სადაც კოლექტიურმა სათვალთვალო კამერამ მზერა ჩააბრუნა და საკუთარი თავი გაარჩია."

როგორც იცვლება დღის შუქი დროში - ისე მე.

(პოეზიის დრო აღარ მაქვს, ახლა მალე დაღამდება და ავხსნი ამ სტრიქონს: წარმოიდგინეთ მზით განათებული თბილისის ქუჩები, დილას ოქროსფერი, მერე ოდნავ ნაკლები მერე კიდევ უფრო ნაკლები. წარმოიდგინეთ გრადაცია, აი ასე ვიცვლები. სხეული მეცვლება, ყველანაირად ვიცვლები.) თავიდან.

 

 

როგორც იცვლება დღის შუქი დროში - ისე მე.

მე შემიძლია ვიყო ყველაფერი, რომ შემეძლოს.

შემიძლია ვიყო

მაგრამ იცვლება დღის შუქი დროში და ვიცვლები

მზის საათი ვარ:

როგორც შენ, მზისწული

და როგორც შენ მზის ასული,

მაგრამ იცვლება დღის შუქი დროში. და რჩება ჩემი ჩდრილი

მზის საათი ვარ.

 

 

სიახლე