სემინარების პროგრამა 2023

2023 წლის გაზაფხულიდან ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე იწყებს მოკლევადიანი სემინარების სერიას თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწე პროფესიონალებსა და დამწყებთათვის. 21 აპრილიდან 21 მაისის პერიდში ჩატარდება უფასო სამდღიანი სემინარები მოწვეული მენტორების ხელმძღვანელობით

სემინარები:

  • 28-30 აპრილი ხმაურიდან მუსიკალურ კომპოზიციამდე - ნიკა მაჩაიძე
  • 19-21 მაისი ხედვა. გადმოცემა - სალომე ჯაში
  • 27-28 მაისი სხეული, როგორც არქივი - თამუნა (თამარ) ჭაბაშვილი 

რას ემსახურება სემინარები:

  • დაეხმაროს პროფესიონალ, დამწყებ და მოყვარულ არტისტებს კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბებაში, სწორი ხელსაწყოებისა და მიმართულებების შერჩევაში მათ სახელოვნებო პრაქტიკაში

დეტალები სემინარებზე დასწრების შესახებ:

  • მონაწილეობა შეუძლია პროფესიონალ, დამწყებ და მოყვარულ ხელოვანებს
  • მონაწილეობა არის უფასო და საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას
  • სამუშაო ენა - ქართული 
  • მონაწილეების შერჩევას განახორციელებს CAS ბათუმის გუნდი და მოწვეული მენტორები

სემინარები ჩატარდება CAS ბათუმის სივრცეში, ზუსტი განრიგის შესახებ შეიტყობთ მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემდეგ. 

სემინარებზე დეტალურად 


ხმაურიდან მუსიკალურ კომპოზიციამდე
მენტორი:
ნიკა მაჩაიძე
თარიღი: 28-30 აპრილი, 2023

ჩვენ გვიწევს ცხოვრება გარემოს უწყვეტ ხმაურში.  ეს ხამური, ურბანული იქნება (ქალაქის, ავტოსტრადების, ქარხნების)  თუ ბუნებრივი (ტყის, მინდვრების, ზღვის და ა.შ.), ორივე შემთხვევაში შედგება სხვადასხვა შრეებისგან და უამრავი, ერთმანეთთან ქაოტურად დაკავშირებული ბგერისგან. 

შეიძლება ითქვას, რომ ხმაური, ქაოტური მუსიკალური ნაწარმოებია. ჩვენ ამ "მუსიკის" შეგროვება (აუდიო ჩანაწერის სახით) და შემდეგ, გაბმული გუგნიდან, პულსაციიდან, შრიალიდან ჩვენთვის საინტერესო ბგერების (სემპლების) ამოკრება და ბგერების ბანკის შექმნა შეგვიძლია, რომელსაც შემდგომში ვიყენებთ ჩვენი მუსიკალური ნაწარმოების შესაქმნელად.


ხედვა. გადმოცემა
მენტორი:
სალომე ჯაში 
თარიღი: 19-21 მაისი, 2023
ხანგრძლივობა: 3 დღე

უცაბედი შთაბეჭდილება თუ გაცნობიერებული ანალიზი, მოულოდნელი აღმაფრენა თუ ფიქრი ჩათვლემის წინ. გონება ხშირად გამოისვრის ხოლმე იდეებს. მაგრამ როგორია იდეა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და გადმოიცეს, იქცეს მოძრავ გამოსახულებად, ვიდეო ხელოვნებად, ფილმად. 

ეს მოკლე ვორქშოფი მათთვისაა, ვინც მოძრავი გამოსახულების საშუალებით (დოკუმენტური ფილმი, ვიდეო ინსტალაცია) ყვება ამბებს, ქმნის გამოცდილებას და სივრცეს მაყურებლისთვის, მნახველისთვის. უფრო კონკრეტულად, ვორქშოფი იდეების განვითარებას ეხება, გზას პირველადი იმპულსის შემდეგ.

სამდღიანი ვორქშოფის განმავლობაში სალომესთან ერთად შეძლებთ განიხილოთ და დაამუშავოთ უკვე არსებული, ან ახალი ნამუშევრის იდეა. ვორქშოფზე დასასწრებად დაგჭირდებათ ლეპტოპი ან სმარტფონი. სასურველია ჩაწერილი გქონდეთ მარტივი სამონტაჟო პროგრამა.

ვორქშოფის განრიგი: 

პირველი დღე 16:00-18:00
გაცნობა, საკუთარი იდეების გაზიარება
მეორე დღე 13:00 - 17:00*
პროექტებზე მუშაობა
მესამე დღე: 13:00 - 15:00
პროექტების შიდა პრეზენტაცია - განხილვა

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტებზე სამუშაოდ შეიძლება დაგჭირდეთ მითითებულზე უფრო მეტი დრო.

ვორქშოფზე დასწრება შეუძლია 8-მდე მონაწილეს, შესაბამისად მოხდება დარეგისტრირებულთა შერჩევა CAS გუნდისა და მოწვეული მენტორების მიერ. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/XyYrcJ9KwLLgPrT28


სხეული, როგორც არქივი
მენტორი:
თამუნა ჭაბაშვილი
თარიღი: 27-28 მაისი, 2023
ხანგრძლივობა: 2 დღე

ჩვენი სხეული და გონება უსასრულოდ აარქივებს და ინახავს სენსორულ, ემოციურ და კოგნიტურ გამოცდილებებს. ჩვენი სხეულისა და გონების შიდა ლანდშაფტის რეკონსტრუირება ვიზუალური რუკის სახით შესაძლებელს ხდის თავი მოვუყაროთ და აღვიდგინოთ ყველა ის ემოცია, ნაკვალევი ან კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ ელის ჩვენგან გააზრებას, ჩაძიებასა და გადამუშავებას.

ეს სემინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ვიზუალური გამოხატვის იმ ფორმის აღმოჩენა და ჩამოყალიბება, რომელიც თავს მოუყრის მათ პირად ისტორიებსა და სხეულის მეხსიერებაში შემონახულ ანაბეჭდებს და დაეხმარება მათ ვიზუალურ და ხელშესახებ ნარატივებად თარგმნაში.

ვორქშოფის განრიგი:

27.05 შაბათი
12:00 - 14:00 გაცნობა, საკუთარი იდეების მოკლედ გაცნობა ჯგუფში, ფიდბეკი, მეფინგი 
შესვენება
15:00 -18:00 ინდივიდუალურად მუშაობა და ახალი დავალება

28.05 კვირა
10:00 - 16:00 ჯგუფური განხილვა, ფიდბეკის მეორე რაუნდი და შეჯამება
შედეგის პრეზენტაცია - განხილვა

ვორქშოფისთვის დაგჭირდება: ვიზუალური, ტექსტუალურ, თუ დოკუმენტალური მასალა რომლის საფუძველზეც გსურს ნამუშევრის შექმნა (ნახატი, ფოტო, სკეჩი, ტექსტი, ციტატა და ა.შ.) და რაც შეიძლება გამოგადგეს მენტორთან მუშაობის პროცესში

ვორქშოფზე დასწრება შეუძლია 8-მდე მონაწილეს, შესაბამისად მოხდება დარეგისტრირებულთა შერჩევა CAS გუნდისა და მოწვეული მენტორების მიერ. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/uG3CwHueLmo1UN8T7

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას