16 ნოემბერი 2019

რეპროდუქცია

იდეის ავტორები და არტისტები : რუსუდან ხიზანიშვილი და ალიონა შაპოვალოვა

 
საკვანძო სიტყვები ანუ ეგრეთ წოდებული #ჰეშთეგები : ხელოვნება,ადამიანი,ტექნიკური პროგრესი,გამოცდილება,ურთიერთობა.


როგორია დღევანდელი სახელოვნებო კონტურებისა და ტექნიკური პროგრესის საზღვრების თანხვედრა? რა დოზით და რა ხარისხით იკვეთებიან და რომელს აქვს უპირატესობა დღევანდელ პროგრესირებად მოდულირებულ სამყაროში? რამდენად დასაშვებია შემოქმედებისა და ადამიანის ვირტუალური თანაცხოვრება? რადგან უკვე შეიქმნა ვირტუალური გალერეები და მუზეუმები, სადაც შეგვიძლია განთავსებული ნამუშევრების დათვალიერება, შესაძლებელია ამ „ვირტუალური“ ნამუშევრის შეძენა და საკუთარ ვირტუალურ სახლში განთავსება? შესაძლებელია ამ ვირტუალური ნამუშევრის „ვირტუალური“ სამზარეულოსა ან მისაღები ოთახის კედელზე მორგება? რა დრო დარჩა ადამიანისა და ხელოვნების ნიმუშის საბოლოო განხეთქილებამდე და რა დრო დასჭირდება ადამიანის გრძნობების 100 პროცენტით ნიველირებას? ახალი პარადიგმების დანერგვა ისევე უხილავად და უმტკივნეულოდ კვლავ ვირტუალურიდან შემოჭრილ რეალობაშია. როგორც წესი სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარება რადიკალურად ცვლის იმ დროისათვის ტრადიციული ხელოვნების იერსახეს .


როდესაც გადავწყვიტეთ CAS Batumi-სთვის კონცეფცია შეგვემუშავებინა, თავდაპირველად პორტფოლიოს შედგენას და დასახულ თემაზე მუშაობას ტრადიციულად მივუდექით. ამასობაში INSTAGRAM-ზე განლაგებული გალერეებიდან ვირტუალური გამოფენის გამართვის რამდენიმე ონლაინ-შეთავაზება მივიღეთ და გადავწყვიტეთ რომ არა ფიზიკური, არამედ INSTAGRAM- გამოფენა მოგვეწყო ეგრეთ წოდებული ლაიტმოტივის თანხლებით: თუ შეგიძლია იყიდო ვარსკვლავი, რატომ არ შეგიძლია იყიდო ვირტუალური ნახატი და შეინახო ვირტუალურ სახლში? თუ შეგიძლია გამოფენაზე არ მისვლა და ინსტაგრამზე ნებისმიერი გამოფენის live-რეჟიმში დათვალიერება, საჭიროა კი დღეს ფიზიკური სივრცე გამოიყენო იმისათვის, რომ გახდე ცნობილი?

სიახლე

16 ნოემბერს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (CAS Batumi) ათი ბათუმელი ქალი მხატვრის ერთობლივი გამოფენა „შემოდგომის სხივთა გამა“ გაიხსნა.


ექსპოზიცია აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით ინტერპრეტაციას, სადაც შემოდგომის ფერთა პალიტრა, ემოციები და ინდივიდუალური ხელწერა ერთიან სივრცეში იყრის თავს. გამოფენაში მონაწილეობენ მაია გერსამია, მაია ჯუღელი, ირინა ტორონჯაძე, დიანა თალაკვაძე, თამთა დარჩია, ეკა ცინცაძე, ქეთევან ფილიპოვა, ქეთევან ვარშანიძე, ნინო ნიჟარაძე და ლია კასპელაშვილი, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული საზოგადოება. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით გაიმართა. ექსპოზიციის ნახვა დაინტერესებულ სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეუძლიათ

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა, გოგა ანთიძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური პროექტები ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას თანამედროვე თაობისთვის. ღონისძიებაზე მხატვრის შვილმა, ნარიმა ჰელიმიშმა, ორგანიზატორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის, მოწვეულ სტუმარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს, სოფიო ბაკურიძეს, ასევე, ხელოვნებათმცოდნეებს, რეგიონის ხელისუფლებას, მხატვრის შემოქმედების დაფასებისა და მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს და დამთვალიერებლებს ჰელიმიშის შემოქმედებით სამყაროში მოგზურობის შესაძლებლობას აძლევს. ექსპოზიცია მეხსიერების, ნოსტალგიისა და თავისუფლების თემებს აერთიანებს, სადაც ზღვა მხატვრის შემოქმედების მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.