თანამედროვე ხელოვნების სივრცე აცხადებს საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კონკურსს „მედალიონი“
კონკურსის მიზანია აჭარაში მოღვაწე რეჟისორების შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა და ახალი, ორიგინალური კინოპროექტების შექმნის სტიმულირება. ჩვენ ვეძებთ ავტორებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით გადმოსცენ სათქმელი თანამედროვე, აქტუალურ თემებზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალური ხედვა.
კონკურსი აძლევს შესაძლებლობას რეჟისორებს მოგვაწოდონ თავიანთი იდეები სცენარის სახით და მიიღონ დაფინანსება ფილმის გადასაღებად.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
- მონაწილეები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აჭარაში მცხოვრებ/რეგისტრირებულ რეჟისორებს.
- საკონკურსო ნამუშევარი: კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილი, დასრულებული სცენარი.
- თემატიკა: სცენარი უნდა ეხმიანებოდეს ერთ-ერთ შემდეგ თემას:
- თანამედროვე ხელოვნება და საზოგადოება
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა
- ტურიზმი
- ბუნებასთან ურთიერთობა
- მივიწყებული ქართული ტრადიციები
- ხალხური ლეგენდები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია
- მთა და ადამიანები
- ენა: სცენარი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. გადაღებულ ფილმს უნდა ჰქონდეს ტიტრები ინგლისურ ენაზე.
- ხანგრძლივობა: სცენარის მიხედვით გადასაღები ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 2-დან 7 წუთამდე
- ექსკლუზიურობა: სცენარი კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და წარმოებაში ჩაშვებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე.
საავტორო უფლებები
- გამარჯვებული სცენარის საფუძველზე შექმნილ ფილმზე სრულ საავტორო უფლებას ფლობს თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფილმს თან უნდა ერთვოდეს სივრცის ლოგო.
- ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ წარადგინოს ფილმი ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალებსა და კონკურსებზე.
- რეჟისორი, როგორც ფილმის ავტორი, წარადგენს ნამუშევარს ორგანიზაციის სახელით.
ნამუშევრების შეფასება და ვადები
საკონკურსო სცენარებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური.
- სცენარების მიღების ვადა: 1 ოქტომბერი, 2025 – 30 ოქტომბერი, 2025
- გამარჯვებულის გამოვლენა: 7 ნოემბერი, 2025 (გამარჯვებული გამოვლინდება ჩვენი სოციალური ქსელის საშუალებით).
სცენარები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- თემის აქტუალურობა და ორიგინალური ხედვა;
- იდეის უნიკალურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- სცენარის სტრუქტურა და თხრობის ოსტატობა;
- პერსონაჟების განვითარება.
გამარჯვებულის გამოვლენა და წარმოების პირობები
კონკურსს ეყოლება ერთი გამარჯვებული, მასთან მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.
ფილმის წარმოება დაფინანსდება 7000 ლარით
კონკურსში გამარჯვებულ რეჟისორს ეძლევა 40 დღე ფილმის საბოლოო ვერსიის წარმოსადგენად.
ფილმის პრემიერა გაიმართება 2026 წლის იანვარში.
სცენარის მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით : casbatumi@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 557 787 320 / +995 557 685 174