05 სექტემბერი 2020

რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ

სახელოვნებო პროექტი „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ’’ წარმოადგენს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტისტების რეფლექსიას იმ საერთო გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. გარემოდან მოწოდებული ინფორმაციის შენახვა-გადამუშავება, როგორც სუბიექტური პროცესი, სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს ინდივიდებში. შესაბამისად, თითოეული ადამიანის მიერ აღქმული რეალობა სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. 

სალომე ვეფხვაძე
'წრე'
გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ქაოტურია, თუმცა საინტერესოა, შენ თვითონ რომელ ხედვის წერტილს აირჩევ. შესაძლებელია, იპოვო მშვიდი „ვიზუალი“, სადაც თავს კომფორტულად და დალაგებულად იგრძნობ. ყველას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი გზა.

 

მარიამ კაპანაძე
'განუსაზღვრელობა'
დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ყოველდღიურად გვიწევს მრავალი გადაწყვეტილების მიღება და განუწყვეტლივ ვიღებთ ინფორმაციას, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. ამ პროცესების მიღმა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოლოდინები, მუდმივ გაურკვევლობაში არიან, სტაბილურობის განცდა პირობითია, რადგან ჩვენს გარემოში, შეიძლება „ხვალ“ ყველაფერი შეიცვალოს, გაორმაგდეს ფასები, დაკარგო სამსახური გაურკვეველი მიზეზების გამო და ა.შ. იმას, რასაც ყოველდღიურად სტაბილურად განვიცდით, არის განუსაზღვრელობა.

 

ქრისტინე ბებია
'(ი)რეალობა ...
მოგზაურობა სამყაროში ...'
ვფიქრობ, არსებობს მეტ-ნაკლებად ობიექტური მოცემულობები თავისთავად, მაგრამ ეს ,,ობიექტურობებიც'' სუბიექტურად აღიქმება ადამიანის მიერ და სწორედ ისეთია გარე სამყარო ადამიანისთვის, როგორც ის მას უყურებს შინაგანი სამყაროდან. საკუთარი შინაგანი სამყაროს აღქმაც სუბიექტურია და სუბიექტური აღქმაც გამომდინარეა სუბიექტური გამოცდილებებიდან (ჩემი სუბიექტური აზრით :))... ჩემი მსოფლმხედველობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი (შე)აქვს ბედუინურ მოგზაურობას. ქვეყნებში, კულტურებში ხეტიალი სამყაროს დაკვირვებისა და შემეცნების კარგი პრაქტიკული საშუალებაა ჩემთვის და ყოველმხრივ მამოგზაურებს, მაძლევს რა საშუალებას, სხვადასხვა კუთხიდან დავინახო და გავიცნო სამყარო ჩემ გარეთ და ჩემ შიგნით და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან ერთ მთლიანობაში ...


ანა კვიჭიძე
'ხედი ჩემი ფანჯრიდან'
რაც უფრო მაღალ სართულზე ყიდულობ ბინას, ფასი იზრდება. იგულისხმება, რომ მაღალი სართულიდან ლამაზი ხედი იშლება, თუმცა ჩემს წინ ულოგიკოდ, ქაოსურად განლაგებული შენობებია.

 

მაგდა ბატიაშვილი
'შეერთება'
კარგავ თავს?
შეერთება - კომუნიკაციაა სამყაროსთან, სხვებთან. საკუთარ თავთან გზაა, რომელსაც გადიხარ ყოველ დღე. კავშირია, რომელიც გრთავს სხვებთან და სხვებისგან. გაქცევაა საკუთარი თავისგან. დამალვაა.

 

ნინო გავაშელი
'Gaze'
დაჟინებული მზერა რომელთანაც ქუჩაში ყოველდღიურად გიწევს გამკლავება. მზერა, რომელიც გაშიშვლებს, რომელიც გხდის მამაკაცის სექსუალურ ობიექტად, გაქცევს მათი ფანტაზიის ჩარჩოებში და გაკარვინებს თავდაჯერებულობას. მიუხედავად იმისა ვანიჭებთ თუ არა ამ მზერებს მნიშვნელობას, დღის ბოლოს მაინც რჩება დანაშაულის განცდა და აუტანელი დისკომფორტი საკუთარ თავთან.

 

პროექტის შემქმნელი 'გორგონები'

https://www.facebook.com/Gorgonebi/

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.