ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა

თანამედროვე ხელოვნების სივრცე გიწვევთ თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის მეხუთე პერსონალურ გამოფენაზე (ბათუმში რიგით მეორე).

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შერეული ტექნიკით პასტელითა და აკრილით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც ავტორის მოგონებებსა და ემოციებს გადმოსცემს. გამოფენა „გზა უშენოდ“ მხატვარმა თავისი გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. ტილოებში ერთმანეთში იკვეთება სიყვარული, მონატრება, ტკივილი, იმედი და ის გზა, რომლის გავლაც ადამიანს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ უწევს.

ნამუშევრები აერთიანებს რეალურ და სიმბოლურ სახეებს, რომლებიც დამთვალიერებელს ემოციურ მოგზაურობაში იწვევს.

თარიღი: 15–24 ივნისი
გახსნა: 15 ივნისი, 18:00 საათი
ადგილი: თანამედროვე ხელოვნების სივრცე
დასწრება თავისუფალია

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.