13 ნოემბერი 2020

მეც ლამაზი ვარ

ავტორი:  მეგი კობალაძე

პროექტი სახელწოდებით 'მეც ლამაზი ვარ' არის ერთგვარი ბრძოლა იმ სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ, რასაც დღევანდელი ტენდენცია გვთავაზობს. ჩვენი მიზანია დავამსხვრიოთ სტერეოტიპული წარმოდგენები სილამაზის შესახებ. ჩვენი მიზანია გავაპროტესტოთ ბულინგი, რომლის მსხვერპლიც ბევრი ჩვენგანი აღმოჩენილა გარკვეულ სიტუაციაში. გავაზიაროთ საკუთარი ისტორია, თავისი მტკივნეული გარდამტეხი ეპიზოდებით. ჩვენი მიზანია დავანახოთ საზოგადოებას რომ ჩვენი სხეული არის ისტორიის ნაწილი, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და რომ ისიც ლამაზია.

 

„ ერთხელ ფილმში გადამიღეს. პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ქმარს ვშორდებოდი. რთული პერიოდი მქონდა.

ხოდა ამ ფილმში იყო ერთი სცენა,სადაც სულ მთლიანად ვშიშვლდებოდი და სარკეში ვუყურებდი თავს. მნიშვნელოვანი სცენა იყო პერსონაჟის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი სცენა გამოდგა ჩემი განვითრებისთვისაც..

ნელა და მშვიდად გავიხადე ყველაფერი, თმის რეზინიც კი მოვიხსენი,თავი ავწიე და შევხედე საკუთარ თავს. შევხედე და პირველად დავინახე ჩემი თავი. სხვა პერსონაჟის თვალით დანახული ობიექტური მე. სახე, ლოყა, ტანი, ძუძუ, სტრია, ცელულიტი, ოდესღაც ლამაზი სხეულის ნარჩენები, მთელი ჩემი ისტორია, როგორ მეტყობოდა ჩემი სხეულის ყოველ სანტიმეტრზე, ყველა კარგი და ყველა ცუდი ისტორიის მთხრობელი ჩემი სხეული, დავინახე პირველად. მიყვებოდა რომ დედა ვარ, ქალი ვარ, სექსუალური, შვილი მყავს, ქმარი მყავს და მალე აღარ მეყოლება, სექსუალური ცხოვრების არევა, ღამე ჭამა, ტკბილის სიყვარული, ალკოჰოლის სიყვარული, უშნოდ მოჭრილი თმა, შეშუპებული ქუთუთოები, შეშუპებული ბარძაყები, წელი, მუცელი…“

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.