04 აგვისტო 2018

ნამდვილი ამბავი

A True Story - ნონა ოთარაშვილის (კერამიკა) და სოფო ტაბატაძის (გრაფიკა) ერთობლივი კერამიკული პროექტია. სოფომ და ნონამ ერთად მუშაობა 2009 წელს დაიწყეს. მათი მიზანი იყო ნონას კერამიკული და სოფოს გრაფიკული გამოცდილების გაერთიანება. ორივე მხატვრისთვის საინტერესო მუშაობის პროცესში მათ მიაგნეს ახალ ვიზუალურ ენას. შედეგად შეიქმნა ნამუშევრების სერია “A true story”. ეს არის კერამიკულ ობიექტებზე გადატანილი გრაფიკული ნახატები.

თავდაპირველად ეს ნახატები იქმნებოდა პატარ-პატარა ფურცლებზე სხვადასხვა სიტუაციებში. მაგალითად, შეხვედრების, ვორკშოპებისა და სემინარების დროს. წარმოიდგინეთ სატელეფონო საუბრისას გაუცნობიერებლად კალმით ფურცელზე ხატვა. ამ დროს არ კონტროლდება არც კომპოზიცია, არც ხაზი და არც შინაარსი, ნახატები თითქოს ქვეცნობიერად იქმნება. ამ დროს მხატვარი არ ფიქრობს ნახატზე როგორც პროდუქტზე და ხატვის დროს თავისუფალი თამაშის ელემენტი მაქსიმალურად ნარჩუნდება. შედეგი არ არის დამოუკიდებელი ნამუშევარი, როგორიც იქნებოდა მაგალითად ქაღალდზე ან ტილოზე შესრულებული ნახატი. ეს არის ბლოკნოტიდან, რვეულიდან და ფურცლებიდან ამორჩეული და დასკანერებული ფიგურების კომბინაციები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მასალას მოერგოს.

ამ სერიაში გამოყენებულია და ერთმანეთს უპირისპირდება ფაიფური და შავი თიხა. ამ ორ, თითქოს რთულად ურთიერთთავსებად მასალას ერთმანეთთან მკვეთრი გრაფიკული ხაზი კრავს და მოულოდნელ სახეს აძლევს.

ეს სერია შედგება პატარა ფაიფურის ფირფიტებისგან, დიდი თიხის თეფშებისგან, საჭრელი დაფებისა და ცილინდრული ფორმის ლარნაკებისგან. მხატვრულ ღირებულებასთან ერთად ნივთების ნაწილს აქვს გამოყენებითი ფუნქციაც.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.