18 მარტი 2015

დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები

"გეოეარის"  მიერ ორგანიზებულ გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია "დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები".
 სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მასალა თემურ მჟავანაძის, საურმაგ ღამბაშიძის, ლეონარდო შენგელიას, გიორგი ჩახავას, თამაზ ჯალაღანიას, პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, თამარა ბოკუჩავას, გოგიტა ბუხაიძის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, მანანა კველიაშვილის, ალექსი კედელაშივილის, სალომე მაჩაიძის, ნინო სირაძის, ლაშა-გიორგი ფალავანდიშვილის, ამიკო ქავთარაძის, სერაფიმე ძნელაძის ფოტო მასალა.

პუბლიკაციაში შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.

ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.

 

"თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები" განხორციელდა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.