12 მაისი 2023

სალომე ჯაშის ვორქშოფი: ხედვა. გადმოცემა

ხედვა. გადმოცემა
თარიღი: 19-21 მაისი, 2023
ხანგრძლივობა: 3 დღე

უცაბედი შთაბეჭდილება თუ გაცნობიერებული ანალიზი, მოულოდნელი აღმაფრენა თუ ფიქრი ჩათვლემის წინ. გონება ხშირად გამოისვრის ხოლმე იდეებს. მაგრამ როგორია იდეა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და გადმოიცეს, იქცეს მოძრავ გამოსახულებად, ვიდეო ხელოვნებად, ფილმად. 

ეს მოკლე ვორქშოფი მათთვისაა, ვინც მოძრავი გამოსახულების საშუალებით (დოკუმენტური ფილმი, ვიდეო ინსტალაცია) ყვება ამბებს, ქმნის გამოცდილებას და სივრცეს მაყურებლისთვის, მნახველისთვის. უფრო კონკრეტულად, ვორქშოფი იდეების განვითარებას ეხება, გზას პირველადი იმპულსის შემდეგ.

სამდღიანი ვორქშოფის განმავლობაში სალომესთან ერთად შეძლებთ განიხილოთ და დაამუშავოთ უკვე არსებული, ან ახალი ნამუშევრის იდეა. ვორქშოფზე დასასწრებად დაგჭირდებათ ლეპტოპი ან სმარტფონი. სასურველია ჩაწერილი გქონდეთ მარტივი სამონტაჟო პროგრამა.

ვორქშოფის განრიგი: 

პირველი დღე 16:00-18:00
გაცნობა, საკუთარი იდეების გაზიარება
მეორე დღე 13:00 - 17:00*
პროექტებზე მუშაობა
მესამე დღე: 13:00 - 15:00
პროექტების შიდა პრეზენტაცია - განხილვა

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტებზე სამუშაოდ შეიძლება დაგჭირდეთ მითითებულზე უფრო მეტი დრო.

ვორქშოფზე დასწრება შეუძლია 8-მდე მონაწილეს, შესაბამისად მოხდება დარეგისტრირებულთა შერჩევა CAS გუნდისა და მოწვეული მენტორების მიერ. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/XyYrcJ9KwLLgPrT28

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.